logo
ENG



ცესკოს სხდომაზე გოგორიშვილის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ვერ აძევებენ [LIVE]

13 ნოე 202019:06
3 წუთის საკითხავი
 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც დასკვნითი სხდომაა, ხმაურია. სხდომაზე ხათუნა გოგორიშვილის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ვერ გააძევეს. გამოცხადდა შესვენება. 

სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა რის მიხედვით აჯამებდა ცესკო პროპორციული არჩევნების შედეგებს. 

"ერთადერთ კითხვას უნდა უპასუხოთ, რის მიხედვით აჯამებთ დღეს პროპოპრციული არჩევნების შედეგებს, საუბნო კომისიების ოქმების მიხედვით თუ საოლქო კომისიების ოქმების მიხედვით", - მიმართა გოგორიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეს. 

სიტყვიერი შელაპარაკება დეპუტატსა და თამარ ჟვანიას შორის რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. 

"გაბრძანდებით გარეთ, თუ არ გაჩუმდებით...სხდომის წამყვანი ხომ არ ხართ?!“, - მიმართა ჟვანიამ გოგორიშვილს.

ამის შემდეგ ჟვანიამ გოგორიშვილის დარბაზიდან გაძევების საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. ხმათა უმრავლესობით დეპუტატის გაძევება გადაწყდა, თუმცა დაცვის პოლიციამ გოგორიშვილის გაყვანა სხდომიდან ვერ შეძლო. 

"გაძევებული როგორ ვარ, აგერ აქ ვდგავარ. არ დავტოვებ სხდომას. პარლამენტის წევრი ვარ...პარლამენტის წევრი ვარ და ხელს ვერ მომკიდებთ", - განაცხადა გოგორიშვილი. 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა იმართება.  სხდომაზე 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებს შეაჯამებენ.

ამას გარდა, სხდომაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილ საჩივრებსაც განიხილავენ. სხდომას ოპოზიციის წევრებიც ესწრებიან.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. ხელახალი არჩევნების ჩატარების, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით უკვე 2 მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქედან ერთი აქცია სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. მორიგი საპროტესტო აქცია ოპოზიციამ შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან დააანონსა. 


close დახურვა